პროექტის საჯარო განხილვა მარნეულის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში


2018-05-23

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებმა ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში (USIIP) მარნეულის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობის; სოფელ კოდასა და დაბა თამარისის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის; ბოლნისის წყალმომარაგების სათავე ნაგებობისა და წყალარინების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტის საჯარო განხილვა გამართეს.

მოსახლეობასთან შეხვედრა მარნეულის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში გაიმართა. კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნულ დასახლებებში წყალმომარაგება-წყალარინების კუთხით არსებული პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივებისგან მოისმინეს და გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

პროექტის მიზანია წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია და გაფართოება, რათა მოსახლეობამ წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე ინფრასტრუქტურით ისარგებლოს.

ამჟამად არსებული სისტემები ამორტიზებული და არაეფექტურია, არ ასახავს მზარდი მოსახლეობისა და ტურისტების მოთხოვნილებებს. პროექტის დასრულების შემდეგ,  დაახლოებით 27 000 მომხმარებელი მაღალი ხარისხის, 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს, ხოლო მარნეულსა და ბოლნისში 29 000-ზე მეტ მომხმარებელს წყალარინების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა ექნება.

პროექტი შექმნის ახალი სამუშაო ადგილების შესაძლებლობას, ობიექტებზე ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება.

პროექტს აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის განახორციელებს.




სიახლეები