საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას მენეჯმენტში კონსულტაციებს გერმანული კომპანია გაუწევს


2013-07-03

დღეიდან „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ მენეჯმენტში კონსულტაციებს  გერმანული კომპანია  ( Sachsen Wasser GmbH) გაუწევს. შესაბამის კონტრაქტს, რომლის ღირებულება 2,466,785.64 (2 მილიონ ნახევარი)ევროა წყალმომარაგების კომპანიაში დღეს  კომპანიის დირექტორმა არჩილ ცაბუტაშვილმა მოაწერა ხელი. აღნიშნული თანხა  აზიის განვითარების ბანკისგან აღებული სესხის ფარგლებში ფინანსდება.გერმანული კომპანია „სახსენ ვასერი“,  საერთაშორისო ტენდერის შედეგად გამოვლინდა, ის წყალმომარაგების სფეროში გამოცდილი ექსპერტებითაა დაკომპლექტებული და საქართველოს წყალმომარაგების  კომპანიას საკონსულტაციო  მომსახურებას გაუწევს:  დაეხმარება  მენეჯმენტის გაძლიერებაში,  მომსახურე პერსონალის პროდუქტიულობის გაზრდაში და ეფექტურ მუშაობაში. კონტრაქტორი ვალდებულია წარუდგინოს კომპანიას კვალიფიციური და გამოცდილი სპეციალისტები, რომლებიც კომპანიას დახმარებას გაუწევენ ძირითადი ფუნქციების ეფექტურად განხორციელებაში:

ა. წყლის მოპოვება და მიწოდება;

ბ. კომერციული სერვისები, როგორიცაა ბილინგი და შემოსავლები;

გ. მომხმარებელთა მომსახურება, მათ შორის მომხმარებლების საჩივრების განხილვა და გადაწყვეტა;

დ. ორგანიზაციული ეფექტიანობა;

ე. ფინანსების მართვა, ბუღალტერია, შემოსავლებისა და ხარჯების მართვა;

ვ. ინფორმაციის მართვა, ანალიზი და კონტროლი;

ზ. ადამიანური რესურსების მართვა.

კონტრაქტის მოქმედების ვადად განსაზღვრულია 36 (ოცდათექვსმეტი) თვე.

ხელშეკრულების მიხედვით, იმისათვის, რომ კონტრაქტორმა მიიღოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურება სრულად, ვადის გასვლის შემდეგ მიღწეული უნდა იყოს შემდეგი მაჩვენებლები:

1.      კომპანიის მუშაობის ეფექტიანობა გაზრდილი უნდა იყოს 20%-ით; 

2.      კომპანიის თანამშრომელთა პროდუქტიულობა გაზრდილი უნდა იყოს 20%-ით.

 




სიახლეები