საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ 6 თვის ანგარიში წარადგინა


2013-07-29

 საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის პირველი 6 თვის მონაცემების მიხედვით, კომპანიამ ეფექტიანი მენეჯმენტის პირობებში გასულ წელთან შედარებით ძირითადი საქმიანობიდან შემოსავლები 2.107.867 ლარით გაზარდა. საანგარიშო პერიოდში (6 თვე) მთლიანმა შემოსავლებმა შეადგინა 15, 949, 659 ლარი, მაშინ, როცა 2012 წლის იგივე პერიოდში 13, 841, 792 ლარი იყო.

ასევე, პირველი 6 თვის განმავლობაში დაიწყო ან უკვე განხორციელდა შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტები:
დაიწყო ქუთაისის, ფოთისა და ანაკლიის 60 მილიონი ლარის ღირებულების პროექტის განხორციელება. პროექტის შედეგად, ფოთს და ანაკლიას მთლიანად, ასევე, ქუთაისის ნაწილს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება.
ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) - მიერ გამოყოფილი 40 მლნ. ევროს ოდენობით სესხის ფარგლებში ქვეყნის 15 ქალაქში დასრულდა წყალმომარაგების სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები; აღდგა და გარემონტდა წყალსადენის ქსელები და სათაო ნაგებობები ეს ქალაქებია: ქუთაისი, გორი, ყვარელი, სიღნაღი, თეთრიწყარო, ფოთი, მარნეული, ცაგერი, ლენტეხი, გურჯაანი, თელავი, ომალო, ვანი, ლაგოდეხი, ბორჯომი.
დონორი ორგანიზაციებიდან (EIB,WB, USAID) 30 ქალაქის რეაბილიტაციისთვის მოზიდულ იქნა 100 მლნ ლარის ინვესტიციები შემდეგი ქალაქებისთვის: აბაშა, სენაკი, ხობი, ოზურგეთი, ონი, ქარელი, ხაშური, დუშეთი, ლიკანი, წაღვერი, ასპინძა, ახალციხე, გურჯაანი, სიღნაღი, ახმეტა, ლგოდეხი, ყვარელი, საგარეჯო, თელავი, წყალტუბო, კურდღელაური, წნორი, წალკა, ბოლნისი, თეთრიწყარო, ბაღდათი, ჭიათურა, ზესტაფონი, თერჯოლა, ტყიბული.
ევროკავშირის (EU) დაფინანსებით დასრულდა 2,6 მლნ. ლარის პროექტები ქვეყნის 7 ქალაქში: ზესტაფონი, ხონი, ხაშური, კასპი, დუშეთი, სენაკი, ფოთი.
აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით დაიწყო ქ. ონის ქვედრულას სათავე ნაგებობაზე სასმელი წყლის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა;
დაიწყო ევროკავშირის (EU) მიერ გამოყოფილი 4 მილიონი ევროს გრანტის ათვისება (ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადების დაწყება ექვს ქალაქში: სენაკი, ზესტაფონი, ხაშური, ლაგოდეხი, ახმეტა, ყვარელი).
ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB) - 40 მლნ. ევროს ოდენობით სესხის და 8 მლნ. ევრო გრანტის გამოყოფის თაობაზე;
დასრულდა მოლაპარაკებები და ხელი მოეწერა კონტრაქტს მსოფლიო ბანკთან (WB) 9 მლნ. დოლარის გრანტის გამოყოფის თაობაზე წყალტუბოში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობისთვის.
გარდა ინფრასტრუქტურული პროექტებისა, კომპანია მუდმივად ზრუნავს აბონენტებისათვის მომსახურების გაუმჯობესებაზე. ამ კუთხით 6 თვის განმავლობაში კომპანიაში განხორციელდა შემდეგი სიახლეები:
გაიხსნა საქართველოში წყლის მრიცხველის შესამოწმებელი ერთადერთი ლაბორატორიული სტენდი მცხეთის (ზაჰესი) და ქუთაისის სერვის ცენტრების ტერიტორიაზე. ეს ლაბორატორია საშუალებას იძლევა, მომხმარებელმა და ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა, გაარკვიოს საკუთარი წყლის მრიცხველის მუშაობის სიზუსტე და დადგენილი წესით მიიღოს ოფიციალური ცნობა მრიცხველის ვარგისიანობისა ან ცდომილების შესახებ.
ამოქმედდა 24-საათიანი ცხელი ხაზი: საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში 24 საათის განმავლობაში მუშაობს ცხელი ხაზი, რომლის ნომერია 2 93 00 00. ცხელი ხაზი უფასოა და მოსახლეობას ემსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით, გარდა აჭარის, რუსთავის, მცხეთის და თბილისისა.
რეგიონები აღიჭურვა წყლის ხარისხის მობილური ლაბორატორიებით: კომპანიამ შეიძინა 150 ათასი ლარის ღირებულების გერმანული წარმოების ქიმიურ-მიკრობიოლოგიური კვლევის აპარატურა შესაბამისი რეაგენტებით. კვალიფიციური კადრები სათანადო აღჭურვილობით და მასალებით ადგილზე დაინტერესებული პირების თანდასწრებით გააკონტროლებენ სასმელი წყლის ძირითად ორგანოლეპტიკურ, ქიმიურ და მიკრობიოლოგიურ მონაცემებს, ანალიზები დასრულდება და საბოლოო სახეს მიიღებს ლაბორატორიულ პირობებში.
გაფორმდა მენეჯმენტ კონტარქტი გერმანულ კომპანიასთან “ზაქსენ ვასერი”, რომელიც კომპანიას გაუწევს საკონსულტაციო მომსახურეობას, რათა გააძლიეროს კომპანიის მენეჯმენტი და სამუშაოს შესრულების ეფექტიანობა.




სიახლეები