კომპანიის წარმომადგენლები მანილაში გამართულ პროგრამაში მონაწილეობდნენ


2013-11-25

აზიის განვითარების ბანკის სათავო ოფისში, რომელიც მდებარეობს ფილიპინების რესპუბლიკის დედაქალაქ მანილაში, ჩატარდა „შესაძლებლობების განვითარების პროგრამა“ ბანკის პროექტების განმახორციელებელი და აღმასრულებელი სააგენტოებისათვის. პროგრამაში მონაწილეობდნენ იმ ქვეყნების წარმომადგენლები, სადაც აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება პროექტები სასმელი წყლის, საავტომობილო გზების და ენერგეტიკის სფეროებში. საქართველოდან, პროგრამაში მონაწილეობა მიიღო შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ პროექტების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, უჩა ძიმისტარიშვილმა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ამაშუკელმა. 

პროგრამა გახსნა აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ბრიუს დევისმა. პროგრამის ფარგლებში, მონაწილეების წინაშე სიტყვით გამოვიდნენ სხვადასხვა დეპარტამენტის გენერალური დირექტორები, მრჩევლები, კოორდინატორები და სხვა თანამდებობის პირები. პროგრამის მონაწილეებმა ბანკის წარმომადგენლებისგან მიიღეს ინფორმაცია ბანკის პროცედურების, წესებისა და მოთხოვნების შესახებ; კითხვა-პასუხის რეჟიმში, მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია მათ ქვეყანაში არსებულ პროექტებში მიმდინარე პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

პროგრამის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.

 

 




სიახლეები