სოფელ უდაბნოს მოსახლეობას 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება


2016-06-23

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს  გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოში წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. კომპანიის ხელმძღვანელი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი გააცნო. 
პროექტი სადაწნეო მაგისტრალის მშენებლობას, სატუმბი სადგურებისა და რეზერვუარების რეაბილიტაციას, საქლორატოროსა და ახალი გამანაწილებელი ქსელის მოწყობას ითვალისწინებს. 
სოფელ უდაბნოს მოსახლეობას ცენტრალიზებული წყალმომარაგება არასდროს ჰქონია და მოსახლეობას ასეულობით მეტრის გავლა უწევდა სასმელი წყლის მოსამარაგებლად. პროექტის განხორციელების შედეგად, სოფელ უდაბნოში წლების განმავლობაში არსებული პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება და 1000-ზე მეტი ადგილობრივი მაცხოვრებელი 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. 
მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 4 მილიონ ლარზე მეტია. სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის ივლისში დასრულდება.




სიახლეები