გიგა მანდარია -,,მიმდინარე წელს წყალმომარაგების სექტორში 205 მილიონ ლარამდე ინვესტიციას განვახორციელებთ’’


2020-06-19

,,ჩვენ, დაახლოებით 205 მილიონ ლარამდე ინვესტიციის განხორციელებას ვგეგმავთ მიმდინარე წელს წყალმომარაგების სექტორში. დაახლოებით, 130 მილიონ ლარამდე თანხა იხარჯება საერთაშორისო დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტებზე, 75 მილიონ ლარამდე კი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.’’-ამის შესახებ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, გიგა მანდარიამ გადაცემაში "მაესტრო რეგიონები" განაცხადა.

კომპანიის დირექტორმა ყურადღება გაამახვილა 2020 წელს დასრულებულ, მიმდინარე და დაგეგმილ მასშტაბურ პროექტებზე.

,,მთელი ქვეყნის მასშტაბით გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 56 % ემსახურება. აქედან, ქალაქებში- ქუთაისში, ზუგდიდსა და ჭიათურაში, სადაც წლების განმავლობაში რთული ვითარება იყო წყალმომარაგების კუთხით,   პრობლემა უკვე გადაიჭრა. მიმდინარე წლის მარტში დავასრულეთ ქუთაისის წყლის სისტემის მშენებლობის მეორე ფაზა, რის შედეგად ქალაქი თავისი არსებობის ისტორიაში პირველად, 24 საათიანი წყლის მოწოდებით სარგებლობს. წელს დასრულდება ზუგდიდის წყლის სისტემის მშენებლობაც, სულ რამდენიმე თვეა დარჩენილი და წლის ბოლომდე ზუგდიდი ისარგებლებს უწყვეტი წყალმომარაგებით. ასევე, ვასრულებთ ჭიათურის წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობასაც. ქუთაისის მსგავსად, აქაც ათეული წლებია არ ყოფილა სტაბილური წყალმომარაგება. ამ დროისთვის კი, პროექტის ფარგლებში 70 % უკვე გადაყვანილია უწყვეტ წყალმომარაგებაზე. ასევე, თელავის პრობლემის აღმოფხვრის შემდეგ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი მომხმარებლების 70-80 %-ზე მეტი 24 საათიან წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.“-აღნიშნა კომპანიის ხელმძღანელმა.

თელავის წყალმომარაგების საკითხის გარშემო საუბრისას, გიგა მანდარიამ აღნიშნა, რომ   პრობლემა კომპლექსურია და   შესაბამისად, აქტიური სამუშაოები მიდის იმისათვის, რომ ყველა ეს პრობლემა დროულად გადაიჭრას. ,,ეს არის წყლის დებიტის არასაკმაირისი რაოდენობა, ამორტიზებული ქსელები და უმრიცხველო მოხმარება, რაც იწვევს არარაციონალურ მოხმარებას. მიმდინარე პროექტით ვგეგმავთ სამი ჭაბურღილის დამატებას, რომ წყლის მარაგი გავზარდოთ. ასევე , დაწყებული გვაქვს გამრიცხველიანების პროცესი, რომელიც შეამცირებს წყლის უყაირათო მოხმარებას და ამ შემთხვევაში, შევძლებთ გრაფიკის გაუმჯობესებას. გარდა ამისა, დაგეგმილია მეორე ეტაპის სამუშაოების დაწყება, აღნიშნული პროექტი თელავის წყალმომარაგების სისტემის სრულ რეაბილიტაციასა და მოსახლეობის 24 საათიან წყალმომარაგებას ითვალისწინებს’’.

გიგა მანდარიამ მარნეულში მიმდინარე პროექტებზეც ისაუბრა, სადაც ამ დროისთვის წყლისა და წყალარინების სისტემების სრული რეაბილიტაცია ხორციელდება.

,,მარნეულის წყლის სისტემების მშენებლობა მთავრდება 2021 წელს, თუმცა მიმდინარე წელს გვინდა, რომ წყალმომარაგების გაუმჯობესება მოსახლეობამ იგრძნოს. ვაპირებთ, აბონენტების ეტაპობრივად გადაერთებას ახალ ქსელზე და არ ველოდებით პროექტის დასრულებას. მარნეულში, ასევე ვგეგმავთ წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას, პროექტი ხელმოწერილია და მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს’’.

კომპანიის ხელმძღვანელის განმარტებით, მიდის ინტენსიური სამუშაოები ახალი წყაროების მოძიებისთვის, რადგან კლიმატური პირობებიდან გამომდინარე ყოფილა შემთხვევები წყლის დანაკარგების. ,, ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, რომ ალტერნატიული წყაროები მოვიძიოთ, იმისთვის, რომ არ შეგვექმნას პრობლემა და გვქონდეს საკმარისი დებიტი, რათა შევძლოთ მომხარებლებისთვის სტაბილური წყლის მიწოდება’’-აღნიშნა გიგა მანდარიამ.




სიახლეები