მარნეულსა და ბოლნისში წყლისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა აქტიურად გრძელდება


2020-12-23

მარნეულისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფლის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ასევე, აქტიურ ფაზაშია მარნეულის, ბოლნისისა და სოფელ ყიზილაჯლოს წყალარინების სისტემების და მარნეულის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაც.

სამუშაოებს წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, გიგა მანდარია ადგილზე გაეცნო და პროექტების კონტრაქტორებისგან მიიღო ინფორმაცია მშენებლობის პროგრესზე.

„ქალაქ მარნეულში ვახორციელებთ წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების სრულ რეაბილიტაციას. სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით, დაახლოებით 150 მილიონ ლარამდე მოხმარდება. პროექტის დასრულების საორიენტაციო ვადა 2022 წელია და შესაბამისად, მარნეულში შევძლებთ მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგების მიწოდებას. ასევე, მარნეულში ვაშენებთ თანამედროვე სტანდარტების წყალარინების გამწმენდ ნაგებობას, რომელიც აქტიურ ფაზაშია და აღნიშნული პროექტის დასრულებაც 2022 წელს იგეგმება,“  განაცხადა გიგა მანდარიამ.

პროექტის ფარგლებში შენდება სატუმბი სადგურები და რეზერვუარები, ეწყობა მაგისტრალური მილი და შიდა ქსელები, ახალი საკანალიზაციო კოლექტორი და შენდება წყალარინების სატუმბი სადგური.

პროექტის დასრულების შემდეგ, ქალაქ მარნეულის და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების: წერეთლსი, საიმერლოს, დიდი და პატარა ბეგლარის და ყიზილაჯლოს მოსახლეობა  ჯამში 31 700-მდე ადამიანი სტაბილური , ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. ხოლო, წყალარინების (კანალიზაციის) გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს მარნეულის, ბოლნისისა და სოფელ ყიზილაჯლოს მოსახლეობა - ჯამში 36 500 ადამიანი. წყალარინების გამწმენდი ნაგებობა კი, ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ჩამდინარე წყლების წმენდას სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით განახორციელებს.




სიახლეები