მცხეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა მოეწყობა


2021-07-05

 

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია საქართველოს მასშტაბით წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს.

ამჯერად, დაიწყო საპროექტო სამუშაოები მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების - ცხვარიჭამიის, თეზამისა და კევლიანის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობისთვის. საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ჯამში 11 მილიონ ლარამდე მოხმარდება.

არსებული მდგომარეობით, სოფლებში არ არსებობს წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა. ტერიტორიაზე არსებული წყლის სათავე ნაგებობა ამორტიზებულია და რეაბილიტაციას საჭიროებს. ასევე, არ ფუნქციონირებს სატუმბო სადგური, რომელიც უშუალოდ სოფელ ცხვარიჭამიაში მდებარეობს.

პროექტის ფარგლებში აღნიშნული სოფლებისთვის მოეწყობა წყალმომარაგების ახალი ქსელი, მაგისტრალები, სათავე ნაგებობები, სატუმბო სადგური და რეზერვუარი, დაგეგმილია   მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება.

ტენდერში გამარჯვებულმა კონტრაქტორმა კომპანიამ “დაგი” საპროექტო სამუშაოები 11 თვეში უნდა დაასრულოს, მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის კი 30 თვეა განსაზღვრული. პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივები და დამსვენებლები 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით ისარგებლებენ.




სიახლეები