საფრანგეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხაშურში წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტი იწყება


2023-04-12

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ  ხაშურში წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტი დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით, ქალაქ ხაშურის მერიაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელობას, საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლებს, დონორი ორგანიზაციების დელეგაციებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.

პროექტის ფარგლებში, მოეწყობა წყალმომარაგების ახალი ქსელი, აშენდება წყლის სათავე ნაგებობები, სატუმბი სადგურები, ჭაბურღილები, რეზერვუარები. ასევე, მოეწყობა წყალარინების ქსელი, ჩატარდება კოლექტორების რეკონსტრუქციისა და გაფართოების სამუშაოები და აშენდება წყალარინების გამწმენდი ნაგებობა.

„ხაშურის წყალმომარაგების პროექტი აქტიურ ფაზაში შევიდა. დღეს განვიხილეთ პროექტის მიმდინარეობა და მის ფარგლებში დასახული ღონისძიებები. მნიშვნელოვანია, რომ პროექტთან დაკავშირებული ინტენსიური სამშენებლო სამუშაოები ძალიან მალე დაიწყება. აუცილებლად უნდა აღინიშნოს , რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ხაშურში ამ მასშტაბის პროექტი წყალმომარაგებისა და წყალარინების თვალსაზრისით არ განხორციელებულა, რაც ხაშურისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას უზარმაზარ პრობლემას მოუგვარებს. მინდა მადლობა გადავუხადო საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და ევროკავშირს ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის“ - განაცხადა მზია გიორგობიანმა.

პროექტის დასრულების შემდეგ ქალაქ ხაშურის მოსახლეობა 24 საათიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით ისარგებლებს.  უწყვეტი წყალმომარაგება ექნება ზემო ოსიაურის, ქვემო ოსიაურისა და ცხრამუხას მოსახლეობასაც. წყალარინების გამწმენდი ნაგებობა ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ,  ჩამდინარე წყლების წმენდის სრულ ბიოლოგიურ ციკლს განახორციელებს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოს დაბინძურების რისკებს.




სიახლეები