ქ. ზესტაფონის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის ფიზიკური სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს


2023-05-30

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქ. ზესტაფონის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობის პროექტს ახორციელებს.

კომპანიის დირექტორმა ალექსანდრე თევდორაძემ, მოადგილე აკაკი მშვიდობაძესთან და ქ. ზესტაფონის მერთან, ვასილ გველესიანთან ერთად მიმდინარე სამუშაოები ადგილზე მოინახულა.

პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია: წყალმომარაგების ქსელის, მაგისტრალური მილის, აღრიცხვის კვანძის, სატუმბი სადგურის, ერთი ახალი რეზერვუარის მშენებლობა და არსებული რეზერვუარის რეაბილიტაცია.

ამ ეტაპზე, ფიზიკური სამუშაოების 10% უკვე შესრულებულია. პროექტი 2024 წლის ბოლოს დასრულდება, რის შედეგადაც, ქ. ზესტაფონის ადგილობრივი მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია იმერეთის რეგიონის 15-ზე მეტ ლოკაციაზე 20-მდე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს. პროექტების ჯამური ღირებულება 1 მილიარდ ლარს აჭარბებს, მათ შორის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით მიმდინარე პროექტების ღირებულება 866 მილიონ ლარს აჭარბებს, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტების ღირებულება დაახლოებით 180 მილიონ ლარს შეადგენს.

პროექტების დასრულების შემდეგ იმერეთის მოსახლეობის 90 000 მდე ბენეფიციარი 24 საათიანი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით ისარგებლებს.




სიახლეები