დაიცავი სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, იზრუნე საკუთარ და სხვების ჯანმრთელობაზე!



ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, მიუწვდებოდეს ხელი უსაფრთხო სასმელ წყალსა და თანაბარ სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებზე. აღნიშნული ფაქტი უმნიშვნელოვანესია ქალების, კაცების, ბიჭების და გოგონების ჯანმრთელობისთვის და კეთილდღეობისთვის.

 

საქართველოს და მსოფლიოს მიზანია, რომ 2030 წლისთვის ყველა ადამიანს ჰქონდეს უსაფრთხო სასმელი წყალი და სანიტარული პირობები. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაეროს), მდგრადი განვითარების მიზნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა, უსაფრთხო და ხელმისაწვდომ სასმელ წყალზე საყოველთაო და თანაბარი წვდომის უზრუნველყოფა.

ასევე ყველა ადამიანისთვის ადეკვატურ და თანაბარ სანიტარულ და ჰიგიენურ პირობებზე წვდომის მიღწევა და ღია დეფეკაციის აღმოფხვრა, განსაკუთრებით ქალებისა და გოგონების, ასევე მოწყვლადი ჯგუფებისთვის[1].

 

წყალსა და სანიტარიასთან დაკავშირებული საკითხები განსხვავებულ გავლენას ახდენს ქალებსა და კაცებზე, ამის ახსნა კი რამდენიმე ფაქტორით შეიძლება. პირველი ეს არის ბიოლოგიური განსხვავებები და შესაბამისი საჭიროებები, როგორიც არის ჰიგიენის დაცვა მენსტრუალური ციკლის დროს ან/და დედათა ჯანმრთელობა. ასევე სოციალურ-კულტურული ნორმებიდან გამომდინარე, ძირითადად ქალები არიან ჩართულნი ოჯახის წევრებზე ზრუნვასა და სახლში სისუფთავის შენარჩუნებაზე. ძირითად შემთხვევებში ქალები იმარაგებენ წყალს[2]. შესაბამისად, უსაფრთხო და ხელმისაწვდომ წყალსა და სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებზე წვდომა მნიშვნელოვან პოზიტიურ გავლენას ახდენს ქალებსა და გოგონებზე.

 

წყალი საჭიროა პირადი ჰიგიენის დაცვაშიც. ჰიგიენის წესების დაცვა ხელს უშლის სხვადასხვა დაავადებებისა თუ ინფექციების განვითარებას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილი მონაცემებით, მსოფლიოში სიკვდილიანობის 10 ძირითადი მიზეზიდან დიარეა მე-5 ადგილს იკავებს, ხოლო 5 წლამდე ბავშვებში – მეორე წამყვანი მიზეზია. შემთხვევათა 88% განპირობებულია დაბინძურებული სასმელი წყლითა და შეუსაბამო სანიტარიულ-ჰიგიენური პირობებით[3].

სწორედ ამიტომ, უმნიშვნელოვანესია ჰიგიენის დაცვის შესახებ ინფორმირებულობა, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ინფექციებისა და დაავადებების რისკი.  ხელის ჰიგიენა აღიარებულია, როგორც ინფექციათა გადაცემის საუკეთესო პრევენცია.

 

ხელის დაბანა აუცილებელია:

  • საკვების მომზადების წინ, მომზადების პროცესში და შემდეგ;
  • საკვების მიღების წინ და შემდეგ; 
  • ყველაზე ხშირად შეხებად ზედაპირებთან შეხების შემდეგ (კარის სახელური, საჭე, ლიფტის ღილაკები, პულტი და ა.შ)
  • ბავშვთან შეხების წინ;
  • ცემინების, ხველების დროს აუცილებელია ხველის ეტიკეტის დაცვა, ასევე ხელის ჰიგიენის ჩატარება;
  • ნაგავთან შეხების შემდეგ;
  • საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნის შემდეგ;
  • ავადმყოფი ადამიანის მოვლის წინ, პროცესში და შემდეგ;
  • ცხოველებთან კონტაქტის შემდეგ;

დაიმახსოვრეთ:

  • ხელის დაბანისთვის არ არის აუცილებელი ხილული ჭუჭყის არსებობა, მიკრობების შემჩნევა შეუძლებელია. ჩვენს ორგანიზმში მილიარდობით მიკრობი ბინადრობს;
  • თუ წყალი ან საპონი არ არის ხელმისაწვდომი, დაიმუშავეთ ხელები სპირტის შემცველი ხსნარით;
  • დაუბანელი ხელებით არ შეეხოთ –  სახეს, ცხვირს, თვალებს;
  • ხელების დაბანა არის მარტივი და ძალიან ეფექტური ხერხი ვირუსებისგან დასაცავად.

 

როგორ უნდა დავიბანო ხელები სწორად?

          

  • ნაბიჯი 1: დაისველეთ ხელები გამდინარე წყლით
  • ნაბიჯი 2: წაისვით საკმარისი საპონი, რომ დაიფაროს სველი ხელები
  • ნაბიჯი 3: კარგად დაიმუშავეთ ხელის ყველა უბანი - ხელის მტევნის ზურგი, ადგილები თითებს შორის და ფრჩხილების ქვეშ - მინიმუმ 20 წამის განმავლობაში .
  • ნაბიჯი 4: კარგად ჩამოიბანეთ გამდინარე წყლით.
  • ნაბიჯი 5: გაიმშრალეთ ხელები ქსოვილის სუფთა პირსახოცით ან ქაღალდის ხელსახოცით.

წყლის ხარისხის უზრუნველყოფა და მუდმივი კონტროლი შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა“ და შესაბამისი მუნიციპალური სამსახურების ვალდებულებაა.

წყლის ხარისხთან დაკავშირებული პრობლემის არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ცხელ ხაზს: (+995) 32 293 00 00

 

კომპანიის მისამართი:

თბილისი, ანა პოლიტსკოვსკაიას #5

ელ. ფოსტა: info@water.gov.ge

ვებ-საიტი : water.gov.ge