დაბა ბაკურიანში წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მოსაწყობად საპროექტო - სამშენებლო სამუშაოები დაიწყო


2024-01-15

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ტურისტულ ზონებში წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მოსაწყობად სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს.

დაბა ბაკურიანში წყლისა და წყალარინების სისტემების მოწყობის პროექტირება-მშენებლობაზე სამი ხელშეკრულება გაფორმდა. დოკუმენტებს ხელი მოაწერეს წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ნინო ნაროზაშვილმა და კონტრაქტორი კომპანიების, შპს „ინსი“-ს გენერალურმა დირექტორმა, ზვიად თოიძემ, შპს „გზა“-ს დირექტორმა, მალხაზ დუმბაძემ და შპს „ელ ჯორჯია“-ს დირექტორმა, დიმიტრი კუპატაძემ.

შპს „ელ ჯორჯიას“-თან ხელმოწერილი პროექტი სახელმწიფო პროგრამა ,, მშენებლობა განვადებით''-ის ფარგლებში განხორციელდება.

ბაკურიანში ტურისტული ინფრასტრუქტურის სწრაფმა განვითარებამ, ტურისტების რაოდენობის და შესაბამისად, წყლის მოხმარების მკვეთრი ზრდა გამოიწვია.

გამომდინარე აქედან, აღნიშნული პროექტების ფარგლებში დაგეგმილია წყალმომარაგების ახალი ქსელის, მაგისტრალური მილების, რეზერვუარების, წყლის სათავე და გამწმენდი ნაგებობების, ასევე სატუმბი სადგურის მოწყობა. დამატებით დაგეგმილია გამწმენდი ნაგებობის რეაბილიტაცია-გაფართოება. წყალარინების ქსელის მშენებლობა.

აღნიშნული პროექტები სამ ლოტად მიმდინარეობს და სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით - ჯამში 141 მლნ. ლარზე მეტი მოხმარდება.




სიახლეები