ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ ხაშურში წყლისა და წყალარინების თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, ახალ ინფრასტრუქტურას აშენებს


2025-10-24

ქალაქ ხაშურში მიმდინარე სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი, წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიორგი შონია, საფრანგეთის ელჩი ოლივიე კურტო, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორი ფანი დელპი, ევროკავშირის წარმომადგენელი ანდრია ბაჯიოლი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, ხაშურის მერი პაატა ჩადუნელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ.

მასშტაბური პროექტი, რამდენიმე ლოტისგან შედგება. პირველი ლოტით გათვალისწინებულია მთელი ქალაქის წყალმომარაგების სისტემის, ხოლო ქალაქის ცენტრალურ ნაწილში - წყალარინების ქსელის მშენებლობა. 

პარალელურად მიმდინარეობს სათავე ნაგებობების, რეზერვუარებისა და მაგისტრალური მილების მშენებლობა, ხოლო მეორე ეტაპის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქის დარჩენილ ნაწილში წყალარინების ქსელის მოწყობა.

გარდა ამისა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, მიმდინარე წლის სექტემბერში ქალაქ ხაშურში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის პროექტირება-მშენებლობის დაწყებაზე ხელშეკრულება გააფორმა.

სამუშაოები ითვალისწინებს 30,000-40,000 P.E. წყალარინების გამწმენდი ნაგებობისა და 2,5კმ. ბაიპასის პროექტირება-მშენებლობას.

ევროკავშირის მიერ გამოყოფილი გრანტით გათვალისწინებული ენერგოეფექტურობის კომპონენტის ფარგლებში, წყალარინების გამწმენდი ნაგებობის ტერიტორიაზე მოეწყობა მზის პანელები, რაც შეამცირებს შემდგომში ელექტროენერგიის ხარჯს.

ქალაქ ხაშურის წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მშენებლობას საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD), ევროკავშირისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით, ჯამში - 350 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.

დღეის მდგომარეობით, ხაშურში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები მოძველებულია, რაც მოსახლეობას პრობლემებს უქმნის. ქალაქს წყალი დღის განმავლობაში რამდენიმე საათით მიეწოდება.

მასშტაბური პროექტის დასრულების შემდეგ, ქალაქ ხაშურის, სოფელი ცხრამუხას, ზემო და ქვემო ოსიაურის 44 000-მდე ბენეფიციარი 24 საათიანი წყალმომარაგებითა და წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.




სიახლეები