სამცხე-ჯავახეთში უკანონო დაერთებები გამოვლინდა – რამდენიმე კომერციულ ობიექტს წყალმომარაგება შეეზღუდა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს „საქართველოს გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ“ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში წყალმომარაგების ქსელზე უკანონო მიერთებების ფაქტები გამოავლინა. შედეგად, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მოქმედ რამდენიმე მსხვილ კომერციულ ობიექტს წყლის მიწოდება შეუზღუდა.
კომპანიის ინფორმაციით, ობიექტები ქსელზე უკანონოდ იყვნენ მიერთებულნი, რაც იწვევდა წყლის დანაკარგებს, ქსელში წნევის ვარდნას და ზრდიდა სასმელი წყლის ხარისხის გაუარესების რისკებს. მსგავსი დარღვევები აზიანებს როგორც ინფრასტრუქტურას, ისე კეთილსინდისიერ მომხმარებლებს.
წყალმომარაგების კომპანია აცხადებს, რომ შეზღუდვა ხორციელდება მხოლოდ ტექნიკური შემოწმებით დადასტურებული უკანონო დაერთების შემთხვევაში და სრულად შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას.
კომპანიამ ობიექტებს კანონის შესაბამისად რეგისტრაციისთვის ვადა 8 დეკემბრამდე მისცა, თუმცა მოთხოვნები ყველა შემთხვევაში არ შესრულდა. შედეგად, ქსელის სტაბილური ფუნქციონირების, რესურსის სამართლიანი განაწილების და მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მათთვის წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აცხადებს, რომ უკანონო დაერთებების წინააღმდეგ ღონისძიებები გაგრძელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით და მოქალაქეებსა და ბიზნესს მოუწოდებს, წყალმომარაგების სერვისით კანონიერად და პასუხისმგებლობით ისარგებლონ.