ხაშურში წყალმომარაგების პროექტი აქტიურ ფაზაშია
ინფრასტრუქტურის სამინისტროს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ქალაქ ხაშურში ახორციელებს მასშტაბურ პროექტს, რომლის მიზანია მოსახლეობისთვის უწყვეტი, ხარისხიანი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებისა და წყალარინების უზრუნველყოფა.
პროექტი რამდენიმე ფაზად მიმდინარეობს და მოიცავს როგორც ქალაქის, ისე მიმდებარე სოფლების – ცხრამუხასა და ოსიაურის – წყალმომარაგების სისტემის მშენებლობას, ხოლო ქალაქის ცენტრალურ ნაწილში წყალარინების ქსელის მოწყობას.
პარალელურად ხორციელდება 30,000–40,000 მოსახლეზე გათვლილი წყალარინების გამწმენდი ნაგებობისა და 2,5 კმ-იანი ბაიპასის პროექტირება-მშენებლობა. გამწმენდი ნაგებობის ტერიტორიაზე მოეწყობა მზის პანელები, რაც ელექტროენერგიის ხარჯს შეამცირებს და სისტემის მდგრადობას გაზრდის.
დღეის მდგომარეობით, უკვე დასრულებულია მნიშვნელოვანი სამუშაოები: აშენებულია 184,227.94 მეტრი წყალმომარაგების ქსელი და 8,060 სახლის მიერთება, ასევე 39,961.68 მეტრი წყალარინების ქსელი, 2,122 სახლის მიერთება და 1,100 ჭის დამონტაჟება.
პროექტის ფარგლებში სოფელ ცხრამუხასა და ხცისში შენდება სათავე ნაგებობები, ხცისის სათავეზე ეწყობა ჭაბურღილები და საქლორატორო, აშენდება 23 კმ-იანი წყალმომარაგების ქსელი და 10 ჭაბურღილი, ასევე დაინერგება მონაცემთა შეგროვებისა და მართვის სისტემა (SCADA). სერვის ცენტრის შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
პროექტი ხორციელდება საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD), ევროკავშირის და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით, ჯამში 350 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციით.
ხაშურში არსებული მოძველებული წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები მოსახლეობას დღემდე პრობლემებს უქმნის.
მასშტაბური პროექტის დასრულების შემდეგ, ქალაქ ხაშურის, სოფელი ცხრამუხას, ზემო და ქვემო ოსიაურის 44,000-მდე ბენეფიციარი 24 საათიანი წყალმომარაგებითა და გამართული წყალარინების ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.
პროექტის დასრულება 2026 წელს არის დაგეგმილი, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოსახლეობის ცხოვრების ხარისხს და უზრუნველყოფს სისტემის მდგრადობას.