თბილისში წყლის რესურსების დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ფორუმი ჩატარდა


2026-03-26

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე ბექა ბარბაქაძე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, წყლის რესურსების დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ფორუმს დაესწრო.

ფორუმის მონაწილეებმა წყალმომარაგების დარგში არსებულ გამოწვევებსა და მიღწევებზე, წყლის რესურსების დაცვის, სასმელი წყლის გაწმენდის თანამედროვე ტექნოლოგიებსა და სხვა აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს.

ბექა ბარბაქაძემ ფორუმის მონაწილეებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საქმიანობა გააცნო და იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელსაც კომპანია საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.

მან ასევე, გაამახვილა ყურადღება წყლის რესურსების დაზოგვის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებისა და წყლის რესურსის სამართლიანი განაწილების მიზნით, კომპანიამ ქსელზე უკანონო მოხმარების გამოვლენის მასშტაბური კამპანია დაიწყო.

ბექა ბარბაქაძემ საუბრის დასასრულს განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მნიშვნელოვან როლზე წყალმომარაგების სექტორის განვითარების პროცესში და აღნიშნა მისი დიდი წვლილი დარგისთვის კვალიფიციური კადრების მომზადებაში.

წყლის რესურსების დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი მეხუთე ფორუმი, სტუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა. ფორუმს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია, შპს „ენგურჰესი“-სა და კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წარმომადგენლები, წყალმომარაგების, ენერგეტიკის და ჰიდროინჟინერიის სფეროების სპეციალისტები, დარგის ექსპერტები, სტუ-ს სამეცნიერო-აკადემიური წრეები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

ღონისძიების დასასრულს, ბექა ბარბაქაძემ, ფორუმის ორგანიზატორებთან ერთად, სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარებული საერთაშორისო სტუდენტური კონფერენციის გამარჯვებული ახალგაზრდები, ასევე, წყლისა და მყინვარების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მოსწავლეთა და სტუდენტთა მე-3 ფოტოკონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა.




სიახლეები