RBL-ის ფარგლებში ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა


2026-04-30

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ წარმომადგენლებმა, აზიის განვითარების ბანკის Result-Based Lending-ის (RBL)-შედეგებზე დაფუძნებული დაფინანსების მექანიზმის ფარგლებში, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში- რუისსა და ურბნისში მოსახლეობასთან პირველი ეტაპის საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.

შეხვედრებზე ადგილობრივ მოსახლეობას კომპანიის წარმომადგენლებმა დაგეგმილი პროექტების კონცეფცია, პროექტის მიზნები, მოსალოდნელი შედეგები და ის ძირითადი მიმართულებები გააცნეს, რომლებიც სოფლებში წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებას უკავშირდება. საუბარი შეეხო არსებული საჭიროებების შეფასებას, სამუშაოების დაგეგმვის პროცესს, შესაძლო ტექნიკურ გადაწყვეტებს, პროექტის ეტაპებსა და იმ სარგებელს, რომელსაც მოსახლეობა სამუშაოების დასრულების შემდეგ მიიღებს.

კომპანიის წარმომადგენლებმა მოისმინეს ადგილობრივი მოსახლეობის მოსაზრებები, კითხვები და რეკომენდაციები. მოსახლეობის ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ადგილობრივების მიერ გაზიარებული ინფორმაცია ხელს უწყობს არსებული გამოწვევების უკეთ შეფასებას, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრას და პროექტის შემდგომი ეტაპების უფრო ეფექტიანად დაგეგმვას. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მსგავს შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში განაგრძობს, რათა მოსახლეობა დროულად და სრულყოფილად იყოს ინფორმირებული დაგეგმილი სამუშაოების შესახებ.

Result-Based Lending (RBL) აზიის განვითარების ბანკის შედეგებზე დაფუძნებული დაფინანსების მექანიზმია, რომლის ფარგლებში შპს „საქართველოს გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ“, საქართველოს მთავრობისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჩართულობითა და მხარდაჭერით, წყალმომარაგების სექტორისთვის და ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელება დაიწყო. პროგრამის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით 100-ზე მეტ ლოკაციაზე 400 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება, რის შედეგადაც 150 000-ზე მეტი ბენეფიციარი სტანდარტის შესაბამისი, უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.




სიახლეები