მადრიდში ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და კომპანია Aqualia-ს ხელმძღვანელობას შორის შეხვედრა გაიმართა


2026-05-21

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი კობერიძე ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში, Global Water Summit-ის ფარგლებში, საერთაშორისო წყალმომარაგების კომპანიის Aqualia-ს ხელმძღვანელობას შეხვდა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ Aqualia-ს აღმასრულებელი დირექტორი სანტიაგო ლაფუენტე, ფინანსური დირექტორი ისიდორო მარდანი, აფრიკისა და აზიის რეგიონული დირექტორი ხოსე ენრიკე ბოფილი, Georgian Water and Power-ის აღმასრულებელი დირექტორი ხოსე მიგელ სანტოსი და ამავე კომპანიის გენერალური დირექტორი ირაკლი ბაბუხადია.

საქართველოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ბესიკ ჯიქურაული და მისი მოადგილე გიორგი გიორგობიანი.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის მიმართულებები და სექტორში თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ესპანური კომპანიის მდიდარი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობებს, რაზეც ესპანურმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა. ასევე, აღინიშნა საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის მნიშვნელობა სექტორის მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად.

Aqualia მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა წყალმომარაგებისა და წყალარინების სფეროში და სხვადასხვა ქვეყანაში წყლის ინფრასტრუქტურის მართვის, განვითარებისა და ოპერირების მიმართულებით საქმიანობს. კომპანია უკვე ოპერირებს საქართველოშიც და მონაწილეობს წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მართვასა და განვითარებაში.

მსგავსი მაღალი დონის შეხვედრები მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერების, ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების განხილვისა და საქართველოს წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვის თვალსაზრისით.




სიახლეები