წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებმა სოფლების - კრწანისის, ახალი კუმისისა და მთისძირის მოსახლეობას მიმდინარე საპროექტო სამუშაოები გააცნეს
ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების - კრწანისის, ახალი კუმისისა და მთისძირის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
კომპანიის წარმომადგენლებმა მოსახლეობას მიმდინარე საპროექტო სამუშაოები გააცნეს, დეტალურად მიაწოდეს ინფორმაცია პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებზე, რომელიც აღნიშნული სამი სოფლის სტაბილურ და ხარისხიან წყალმომარაგებას ითვალისწინებს.
მოსახლეობასთან შეხვედრა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისში გაიმართა, რომელსაც ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, ქალაქ გარდაბნის მერი დავით კარგარეთელი და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის ფარგლებში, კომპანიის თანამშრომლებმა ისაუბრეს დაგეგმილი სამუშაოების მნიშვნელობასა და პროექტის მოსალოდნელ შედეგებზე. ასევე, მოსახლეობის მიერ დასმულ კითხვებს ამომწურავად უპასუხეს.
საპროექტო სამუშაოებს, წყალმომარაგების კომპანიის დაკვეთით, კომპანია „ლ და კ“ ახორციელებს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება ნახევარ მილიონ ლარზე მეტია.
საპროექტო სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი, რის შემდეგაც პროექტის განხორციელების შემდეგი ეტაპი დაიწყება.