ინფრასტრუქტურის მინისტრი ბაკურიანში წყალმომარაგების სათავე ნაგებობის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო


2026-07-22

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ბაკურიანში მიმდინარე წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე ეცნობა.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბაკურიანში სამ მასშტაბურ პროექტს ახორციელებს, მათ შორისაა ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანისთვის წყალმომარაგების ახალი სათავე ნაგებობისა და მაგისტრალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა.

მინისტრთან ერთად პროექტები დაათვალიერეს, მინიტრის მოადგილეებმა - ვახუშტი ბაგრატიონმა და გიორგი კობერიძემ, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ბესიკ ჯიქურაულმა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ლევან დარახველიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

პროექტი მოიცავს სოფელ ტიმოთესუბანთან ახალი სათავე ნაგებობის, საფილტრი და სატუმბი სადგურების, რეზერვუარებისა და მაგისტრალური მილსადენის მშენებლობას, რაც ბაკურიანის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

ამ ეტაპზე თითქმის დასრულებულია ახალი სათავე ნაგებობისა და საფილტრი სადგურის სამშენებლო სამუშაოები, დასრულებულია ორი, თითოეული 3 000 კუბური მეტრი მოცულობის რეზერვუარის მშენებლობა, სრულად მოწყობილია დაახლოებით 4.8-კილომეტრიანი მაგისტრალური მილსადენი, ხოლო სატუმბი სადგურების მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. პროექტის ფარგლებში შესრულებულია სამშენებლო სამუშაოების 68%.

ინფრასტრუქტურის მინისტრმა კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა მიმდინარე სამუშაოები და ყურადღება გაამახვილა პროექტის დროულ დასრულებასა და ხარისხიან შესრულებაზე.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 56.4 მილიონ ლარზე მეტით ფინანსდება.

ახალი სათავე ნაგებობა და მაგისტრალური ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს ბაკურიანის მზარდი მოთხოვნის შესაბამისი ხარისხიანი სასმელი წყლის მიწოდებას და წარმოადგენს კურორტის წყალმომარაგების სისტემის განახლების ერთ-ერთ ძირითად კომპონენტს.




სიახლეები