რევაზ სოხაძე ბაკურიანში წყალმომარაგებისა და წყალარინების პირველი ზონის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებსაც გაეცნო


2026-07-22

ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ ბაკურიანში წყალმომარაგებისა და წყალარინების პირველი ზონის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

მინისტრთან ერთად სამუშაოებს გაეცნენ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ბესიკ ჯიქურაული, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძე, ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ეკატერინე ორჯონიკიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

პროექტი ითვალისწინებს წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების მოწყობას, თანამედროვე აღრიცხვის სისტემების დანერგვასა და შესაბამისი საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარებას.

ამ ეტაპზე უკვე მოწყობილია 19.3 კილომეტრი წყალმომარაგებისა და 17.3 კილომეტრი წყალარინების ქსელი.

სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს აღმაშენებლის, წაქაძის, სადგურისა და გოგოლაძის ქუჩებზე, ასევე კოხტა-მიტარბის მიმართულებით, სადაც საგზაო საფარის მოსაწყობად მოსამზადებელი სამუშაოები ტარდება. პროექტის ფარგლებში შესრულებულია სამუშაოების 43%.

მინისტრმა სამუშაოების მიმდინარეობა კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და განსაკუთრებული ყურადღება პროექტის დროულ და ხარისხიან შესრულებაზე გაამახვილა.

რევაზ სოხაძემ შესაბამის პირებს დაავალა, სამუშაოები დადგენილი გრაფიკის შესაბამისად და კოორდინირებულად გაგრძელდეს, რათა პროექტი განსაზღვრულ ვადებში დასრულდეს. .

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 50.6 მილიონ ლარზე მეტით ფინანსდება.




სიახლეები